სულ საფრთხეს ვგრძნობდი, პოლიციას ტერორში ვყავდი 2 წელი, ალბათ იმიტომ, რომ ისინი სოციალურ ქსელში არაკორექტულად მოვიხსენიე - ბადრი ესებუა

23 ივნისი 2023, 14:03 767 ნახვა

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში, ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროცესზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის, გარდა იმისა რაც ტელევიზიით მოისმინა.

"იმ დღეს სახლში ვიყავი. ქალაქში ვაპირებდი გასვლას და გაჩერებაზე გავედი. გამოიარა მეზობელმა. მთხოვა სასაფლაოზე წასვლა, გავყევი. დაახლოებით 2 საათი ვიყავით იქ.  იქიდან ისიც და მეც სახლში წავედით.

მე ეს ამბავი გავიგე ორი დღის შემდეგ, მეგობარმა მითხრა, რომელიც პოლიციელია.  შენი თანასოფლელი მოვიდა ვიცი თავდამსხმელის ვინაობაო და შენ დაგასახელაო. მე ვიცი შენ არ ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავიო. პოლიციის ინფორმატორი ვინც იყო იმას უთქვამს მე დაგაჭერინებთ მას და თანამდებობაზე დამნიშნეთო.

 

მივხვდი, რომ ვერ იყო საქმე კარგად. საღამოს დედას ვუთხარი, რომ თბილისში უნდა წავიდე სამკურნალოდთქო. ამის მერე ვიყავი ხან მეგობართან. 25 რიცხვში დეიდაშვილთან ვიყავი. ტელევიზორს ვუყურებდი 10 საათი იქნებოდა, დეიდაშვილმა ფოტო გადამიღო და გაუგზავნა ჩემს ძმას. მანამდე ვიცოდი რომ ფბ გატეხილი ჰქონდათ პოლიციელებს და ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფელის დადგენას. ჩემმა ძმამ არ იცოდა თბილისში რომ ვიყავი. სურათის გადაგზავნის შემდეგ, რამდენიმე საათში ის მოვიდა დეიდაშვილთან. მე ვიცოდი, რომ პოლიცია ჩემს მიმოწერას აკონტროლებდა და შეეძლოთ მარტივად დაედგინათ სად ვიყავი, ამიტომ იმ სახლიდანაც წავედი.

 

პოლიციისადმი არ მაქვს ნდობა და არ მქონდა მოლოდინი, რომ ჩემს უდანაშაულობას დაიჯერებდნენ, ამიტომაც ვარიდებდი მათ თავს. სულ საფრთხეს ვგრძნობდი. სულ ტერორში ვყავდი პოლიციას 2 წელი. მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, რომ  სოციალურ ქსლეში ცოტა არაკორექტულად მოვიხსენიე პოლიცია. ფრთხილად ვიყავი...

მეგონა რომ ეს ყველაფერი გაირკვეოდა და ამას ველოდებოდი. მერე ჩემი ძმა დაიჭირეს და გადამეწურა იმედი, რომ რამეს გავარკვევდი, რადგან საერთოდ უდანაშაულო კაცი დაიჭირეს, ამის შემდეგ ხელი ჩავიქნიე სიმართლის დადგენაზე.

 

ჩემი დაკავება რომ მოხდა თებერვალში, ვიწექი, აზრზეც ვერ მოვედი. თავზე დამადგნენ, წინააღმდეგობა არ გამიწევია, ეგრევე დამაკავეს. შემოვიდნენ გამომძიებლები. ისეთ დღეში ვიყავი არც წამიკითხავს გამომძიებლებმა რა დაწერეს. მერე წამიყვანეს"- განაცხადა ესებუამ.

კითხვაზე იყო თუ არა მანამდე მისი დაკავების მცდელობა. ესებუამ უპასუხა რომ კი იყო, რამდენიმე ადგილას.

"ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ვიყავი. აფხაზეთშიც ვიყავი. ქვეყანა არ დამიტოვებია. მე არ ვიცი რატომ დამაკავეს. აზრზე არ ვარ. მანამდეც მდევნიდნენ"- განაცხადა ბადრი ესებუამ.

პროკურორის შეკითხვაზე თუ ვინ იყო ის მეზობელი, რომელმაც სასაფალოზე გაყოლა სთხოვა, ესებუამ უპასუხა, რომ ის ცოცხალი აღარ არის, დეკემბერში გარდაიცვალა.

პროკურორმა ესებუას მოსთხოვა დაესახელებინა ის პოლიციელი, რომელმაც გააფრთხილა, რომ გამოძიებას მასზე ეჭვი ჰქონდა. რაზეც ესებუამ უარი განაცხადა და უპასუხა, რომ მას ვერ ,,ჩაუშვებდა''.

სხდომაზე ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ ამ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და რომ ჰქონოდა მტკიცებულებაც იქნებოდა. ამბობს, რომ რა დაწერა ექსპერტმა არ იცის.

პროკურორის კითხვაზე, თუ როგორ დაემთხვა ერთ-ერთი მძევლის მიერ გადაღებულ ჩანაწერში არსებული ხმა მის ხმას. ესებუამ უპასუხა, რომ ის მისი ხმა არ არის.

მისივე განმარტებით, ის თუ ვის აქვს ჩადენილი ეს დანაშაული, გაირკვევა მომავალში.

დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი