განაჩენი ე.წ. „ბატუტის“ საქმეზე

15 ნოემბერი 2023, 18:11 765 ნახვა

ბათუმის ბულვარში ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ედუარს აბრამიანს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც იგი წელიწადს და 6 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დაცვაზე არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ, ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა. გამოძიების ინფორმაციით, ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში