16 წლის ბიჭის ე.წ. ''ბანანზე'' დაღუპვის საქმე

16 ნოემბერი 2023, 18:19 735 ნახვა

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე დღეს სასამართლომ პროკურატურის 4 გამომძიებელს მოუსმინა. ეს ის გამომძიებლები იყვნენ, რომლებმაც ბრალდებულები, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი გამოკითხეს და შემდეგ დააკავეს. ადვოკატები ცდილობდნენ გაერკვიათ, რამდენად კანონიერად მოხდა ბრალდებულების გამოკითხვა, ოქმების შედგენა და შემდეგ მათი დაკავება. დაცვის მხარე იდენტურ ოქმებზე საუბრობს და ეჭვობს, რომ გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული. როგორც მოწმე პოლიციელები დღეს მიუთითებდნენ, დაკავების მთავარი საფუძველი ბრალდებულების მიმალვის საფრთხე იყო. ბანანზე 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე ზურაბ საღინაძეს ბრალდება 2-ზე მეტი პირის მიმართ, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით კიდევ ორი პირია დაკავებული. მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ბათუმში 4 ივლისს მოხდა. გამოძიების ვერსიით, 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში კატერზე გამობმული „ბანანით“ გაიყვანეს და მცურავი საშუალებიდან განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ინფორმაციით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს. სამმა მოზარდმა სანაპირომდე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში