ქობულეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

28 ნოემბერი 2023, 11:11 587 ნახვა

მე-2 დღეა ქობულეთში მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში 7-ბალიანმა შტორმმა გამოიწვია. თითქმის მთელ პერიმეტრზე დაზიანებულია თამარ მეფის სანაპირო და ახალი ბულვარის საპლაჟო ინფრასტრუქტურა, ასევე დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ფასადები, სასეირნო ბილიკი, მწვანე ნარგავები და ელექტრო გადამცემი ბოძები.

სტიქიის გამო შეზღუდვებია გაზმომარაგებაში. 200 აბონენტს არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია  კი აღდგენილია. გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლის ყველაზე კრიტიკული მონაკვეთები, სადაც გადაადგილება ქვეითებისთვის და ავტომობილებისთვის აკრძალული იყო.

ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია სანაპიროსთან მდებარე ქობულეთის სასულიერო სკოლა-გიმნაზიაში.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაითხოვა. მერიაში ამბობენ, რომ გამოდარებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება  ბულვარში  დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და გაწმენდა.   

ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრის შესახებაც შევიდა ინფორმაცია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში