ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს - ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2023, 12:56 316 ნახვა

ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს.

როგორც ნათია თურნავამ კომიტეტზე გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო.

„შეგახსენებთ, 2023 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც არა მხოლოდ იმპორტული, არამედ ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ფრთხილი ბიჯებით გამოსვლა დაიწყო. ჯამურად მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა და ნოემბრის მდგომარეობით 10 პროცენტს შეადგენს“, – აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს მაღალი ინფლაციის მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა, გარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა სხვა დამატებითი ინსტრუმენტებიც გამოიყენა, რომელმაც წარმატებით დროებით შეანელა საკრედიტო აქტივობა და ამ არხით ინფლაციის შემცირებას დაეხმარა.

თურნავას თქმით, ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში