ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება - NDI

11 დეკემბერი 2023, 14:26 369 ნახვა

NDI-ის კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი:

  • გამოკითხულთა 37 პროცენტი ამბობს, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია,
  • 35 პროცენტი – სამუშაო ადგილები,
  • 28 პროცენტი – სიღარიბე,
  • 23 პროცენტი – ტერიტორიული მთლიანობა,
  • 20 პროცენტი – პენსიები,
  • 17 პროცენტი – ხელფასები,
  • 11 პროცენტი – განათლება,
  • 8 პროცენტი – ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება,
  • 8 პროცენტი – ადამიანის უფლებები,
  • 7 პროცენტი – ნატო-ში გაწევრიანება,
  • 7 პროცენტი – ევროკავშირში გაწევრიანება,
  • 6 პროცენტი – სამართლიანი არჩევნები,
  • 6 პროცენტი – რუსეთთან ურთიერთობა,
  • 5 პროცენტი – სიტყვის თავისუფლება,
  • 4 პროცენტი – საკუთრების უფლება,
  • 4 პროცენტი – გარემოს დაცვა,
  • 4 პროცენტი ამბობს, რომ კორუფცია,
  • 3 პროცენტი – სამართლიანობის აღდგენა,
  • 3 პროცენტი – სასამართლო სისტემა,
  • 3 პროცენტი კრიმინალს ასახელებს,
  • სხვა – 3 პროცენტი, 
  • არ ვიცი – 3 პროცენტი.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ეკონომიკის მდგომარეობას საშუალოდ აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 6 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად აფასებს, 49 პროცენტი – საშუალოდ, 42 პროცენტი – ცუდად, 2 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად, მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად გამოკითხულთა 58 პროცენტი ასახელებს უმუშევრობას, 48 პროცენტი დაბალ ხელფასებს, 43 პროცენტი – ფასების ზრდას და ინფლაციას, 23 პროცენტი სიღარიბეს, 21 პროცენტი – მაღალ გადასახადებს, 20 პროცენტი – ლარის გაუფასურებას, 18 პროცენტი – საწვავზე მაღალ ფასებს, 11 პროცენტი – კრედიტებზე/სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, 5 პროცენტი – კორუფცია/ნეპოტიზმს, სხვა – 1 პროცენტი, საქართველოს ეკონომიკა არ დგას პრობლემების წინაშე – 1 პროცენტი, არ ვიცი – 1 პროცენტი.

NDI-ის კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის მანძილზე, დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს – მარტის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაზრდილია.

ამასთან, გამოკითხვოის მიხედვით, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.

NDI-ის ცნობით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, უმრავლესობა ამობს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პასუხები ასეთია: დასაქმებულია – 44 პროცენტი, დაუსაქმებელია – 15 პროცენტი, სხვა – 41 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით. გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 20 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 18 პროცენტი ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ იპოვა შესაბამისი ანაზღაურებით.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს, მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში