დღეს აღარ ვისმენთ ევროპელი პოლიტიკოსებისგან უსამართლო განცხადებებს და რეზოლუციებს, ეს დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე - პრემიერი

23 თებერვალი 2024, 14:22 315 ნახვა

თავის დროზე იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც ჩვენ გვიწევდა რეაგირება. მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უსამართლო განცხადებები და რეზოლუციები არსებითად შეწყდა და აღარ უწევს ხელისუფლებას ასეთ საკითხებზე რეაგირება, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე.

„თავის დროზე იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც ჩვენ გვიწევდა რეაგირება. მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება. სწორედ ასე წარიმართება დღეს პროცესები. ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე. სადაც იქნება სამართლიანი მიდგომა, კონსტრუქციული მიდგომა, იქ, ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

 

მე მადლობას გადავუხდი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და, შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც დამატებით დადებითად აისახება ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ზაფხულში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ მაქსიმალურად განაახლოს ურთიერთობები ევროპარლამენტთან და ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა.

"რაც შეეხება შეხვედრას ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გაუგებრობებზე, რაც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისათვის.

თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომლებიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა, მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ ამის შემდეგ სწორი პრაქტიკა დამკვიდრდა. ასეთ რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ იქონია გავლენა პროცესების სწორედ განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა. ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, გამოვთქვათ ოპტიმისტური იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით.

უახლოეს მომავალში, ზაფხულში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები, დაკომპლექტდება თავიდან ევროპარლამენტი. ჩვენ ვართ დაინტერესებული, მაქსიმალურად განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, თუნდაც იმისთვის, რომ სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში