პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა შვიდი პირის მიმართ დაიწყო

26 მარტი 2024, 13:05 306 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ხუთი და საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხვინებდნენ.

„გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხვინებდნენ.

ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128 424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქმეზე გრძელდება გამოძიება, დანაშაულში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში