ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს

08 აპრილი 2024, 10:14 296 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ათი სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ოთხი – მცხეთა-მთიანეთის, 35 – ქვემო ქართლის, 18 – შიდა ქართლის, ოთხი – სამცხე-ჯავახეთის, 18 – გურიის, 17 – იმერეთის, ხოლო ხუთი კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა.

„სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. მიმდინარე წლის მარტის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65,115 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. 2024 წლის იანვრიდან მარტის თვის ბოლომდე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტია გამოვლენილი, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 232,349 კუბური მეტრი შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში