პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

12 აპრილი 2024, 16:33 233 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს.

„თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა სხვა ორ „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ასევე მათ სადაო საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი ინფორმაცია „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებისგან მოისმინეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ერთი მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქისგან თანხის გადახდას ითხოვდა.

აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 4 პირს 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს კი 2233 მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში