იმედი მაქვს, გერმანიის კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალური ოპოზიციური პარტიის სახის თარჯიმნად ჩართვა და მოსთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის -ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2024, 18:54 259 ნახვა

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც თარგმნიდა ბრიფინგს, პირდაპირ გააყალბა კანცლერის სიტყვები - იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„როცა ვსაუბრობდი თვითონ ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ, მაგალითად, კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი ღიად არის ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, წარმომადგენელი, ის ამ პრესკონფერენციას თარგმნიდა და, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“,  ისე გამოიყენა ბოროტად ეს პრივილეგია კანცლერის წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება. იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვა „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა. პირდაპირი გაყალბება იყო. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემაა ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციური ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში