მთელმა ევროპამ გვითხრა, სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, ევროინტეგრაციაზეც იყო ლაპარაკი, ვიბრძოლეთ, მივიღეთ სტატუსი, თავმოყვარეობის დაკარგვით ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წახვალ - მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 21:45 184 ნახვა

მთელმა ევროპამ გვითხრა, რომ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, ევროინტეგრაციაზეც იყო ლაპარაკი და ყველაფერზე, ვიბრძოლეთ და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თავმოყვარეობის დაკარგვით ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წახვალ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა.

„ჩვენ სულ რაღაც ორი წლის წინ 27 ქვეყნის ელჩმა გვაჩვენა დემარში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. გვითხრა, კვდებაო, რაც აღმოჩნდა ტყუილი. თამამად ვლაპარაკობთ ამაზე, უნდა გავბედოთ ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს მეგობრებს უნდა გავუბედოთ. მთელმა ევროპამ, 27 ქვეყნის ყველა ელჩმა გვითხრა – თუ ვინმე აკლდა ერთი ან ორი, ბოდიში – რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და სასწრაფოდ უნდა გაგვეთავისუფლებინა, თორემ ევროინტეგრაციაზეც იყო ლაპარაკი და ყველაფერზე. აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ დავლაგდით ყველაფერზე და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ორ ფეხზე დგომით გავიმარჯვეთ. ვიბრძოლეთ და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თავმოყვარეობის დაკარგვით ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წახვალ. დამოუკიდებლობით, პრინციპულობით, სუვერენულობით და ჭეშმარიტი ქრისტიანული, დემოკრატიული ღირებულებების აღიარებით ვივლით წინ. თანაბარსწორად როგორც კი დაველაპარაკებით ერთმანეთს ჩვენ და ჩვენი მეგობრები, იქ იქნება ამ ქვეყნის ხსნა. ეს დაიმახსოვრეთ. თავს რომ დაუხრით და ვაიმე დედაო, იძახებთ, იქ არავინ დაგაფასებთ, საერთოდ არ მოგაქცევენ ყურადღებას, ფაქტორად არ გაღიარებენ. ჩვენი პოზიციაა ორ ფეხზე მყარად დგომა. მოგვთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლებაც, არ შევასრულეთ. ამის შემდეგ უდიდესი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. ახლა გვთხოვენ, ეს კანონი ამ ფორმით არ მიიღოთო. რომ მივიღოთ, ისევ გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, ოღონდ ამაყები ვიქნებით, როგორც აქამდე გრძელდებოდა. ხედავდით, როგორც ასრულებდნენ ყველაფერს „ნაცები“ ცუციკებივით, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ გარედან და ტერიტორიები დაკარგეს, ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯი ვერ გადადგეს, უკან დაიხიეს. ამ დროს, ჩვენ მყარად ვდგავართ, ამაყად ვლაპარაკობთ და ორი-სამი წელი არ გავა, ევროინტეგრაციის გზაზე წინ არ წავიდეთ. ეს არის შედეგი. ახლაც წინ წავალთ ევროინტეგრაციის გზაზე. ერთი წელი დაგვაგვიანდა კანდიდატის სტატუსი. ამაყად გავაგრძელეთ ბრძოლა სტატუსის მოსაპოვებლად და მივიღეთ. საბოლოო ჯამში, დავარწმუნეთ ყველა, რომ გვეკუთვნოდა და მივიღეთ. ასევე გავაგრძელებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში