ირაკლი ქარსელაძე ლონდონში, წყლის რესურსების მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

20 აპრილი 2024, 10:00 234 ნახვა

წყლის რესურსების მსოფლიო სამიტზე (THE GLOBAL WATER SUMMIT 2024), რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიმართა, შემაჯამებელ პანელზე სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებსა და მათ შედეგებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი წარმატებული პროექტისა და სახელმწიფოს მხრიდან სექტორის ყოველწლიურად მზარდი დაფინანსებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგების საკითხები.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან წყალმომარაგებისათვის გამოყოფილი მუდმივად მზარდი ფინანსური რესურსი ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას და ხელშესახებს ხდის მთავრობის მიერ დასახული გეგმის შესრულებას. 2025 წლამდე საქართველოს ქალაქები, ხოლო, 2030 წლამდე ქვეყნის სრული მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებით, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან იგეგმება ოთხ მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის, მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები უკვე მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა მდებარეობებში.

ასევე, აღინიშნა წყალარინების სექტორში გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული კონკრეტულ ნაბიჯები, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე წყალარინების სისტემების მშენებლობა. ამჟამად ექსპლუატაციაში უკვე გაშვებულია ექვსი გამწმენდი ნაგებობა და მიმდინარეობს 11-ის მშენებლობის პროცესი.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა წყლის სექტორში კერძო-საჯარო თანამშრომლობის (PPP) მოდელების დანერგვის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, გაზრდის წყლის რესურსების გამოყენების ეფექტიანობას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

„წყლის მსოფლიო სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც წარმოდგენილი არიან დარგის წამყვანი მსხვილი კომპანიები და იძლევა საქართველოში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების შედეგებზე და მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიაში დაგროვილ გამოცდილებაზე საუბრის კარგ შესაძლებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია როგორც სამიტის ფარგლებში გაზიარებული ინოვაციები, ისე, საქართველოს წყალმომარაგების დარგის განვითარებაში წამყვანი კომპანიების სამომავლო უფრო მაღალი ჩართულობის შესაძლებლობის გაჩენა“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ სამიტის შემაჯამებელი პლენარული დისკუსიის დასრულების შემდეგ.

 

წყლის მსოფლიო სამიტის მიზანია სექტორის ლიდერების გაერთიანება წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ მსოფლიო გამოწვევებსა და დარგის განვითარების საკითხებზე სადისკუსიოდ. სამიტში მონაწილე 80-ზე მეტი ქვეყნის 900 დელეგატიდან წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი წყლის კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, თვითმმართველობისა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ინვესტორები, ინჟინრები, წყლის ტექნოლოგები და სხვა. სამიტის ფარგლებში, ჩატარდა წყლის სექტორის 300 ლიდერის შეხვედრა, სიმპოზიუმები, სამუშაო შეხვედრები, სადისკუსიო პანელები, სადაც იმსჯელეს, როგორც დარგის გამოწვევებზე, ისე ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასა და მათი დაფინანსების შესაძლებლობებზე.

წყლის მსოფლიო სამიტი უკვე 15 წელია, კომპანია GWI-ის (Global Water Intelligence) ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია წყლის რესურსების მსოფლიო ინდუსტრიას კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში