გუშინ შეკრებილი 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი, უჭირთ ადამიანების შეკრება, 29 აპრილს ათიათასობით ჩვენს მხარდამჭერს ველოდებით - პრემიერი

23 აპრილი 2024, 15:28 260 ნახვა

29 აპრილის შეკრება როგორც კი დაანონსდა, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ, რომ ასი ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. საჯარო მოხელეების რაოდენობა რამდენია, ესეც არ იციან, აქ იქნებიან ჩვენი მხარდაჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილისა და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, დაახლოებით ნახევარზე მეტი არიან დაფინანსებულები. ახალგაზრდების ნაწილიც არის დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. ამას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. აქვს ადამიანს არჩევანი და რაც უნდა, გააპროტესტოს, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრებია ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფა, არც გულწრფელად გამოსულებისთვის და არც  – პარტაქტივისთვის. 9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი, გულწრფელი ადამიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ორშაბათს, 29 აპრილს გაიმართება შეკრება, სადაც „ქართული ოცნება“ ათი ათასობით მხარდამჭერს ელოდება.

„გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. პარტაქტივი, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ანუ, 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი. აქედან გამომდინარე, უჭირთ ადამიანების შეკრება და ა.შ. ჩვენ ველოდებით, რომ მეორე მოსმენის დროს ისინი შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით 10 ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს ,ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, „ენჯეოები“, ასევე სალომე ზურაბიშვილი.

„მაგალითად, იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, დღეს ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ასევე „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა საზოგადოებაში. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიტიკურად მთლიანად დისკრედიტებულია ხალხის თვალში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყველა ხედავთ, რომ დიდი რესურსი არ აქვს ოპოზიციას. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს.

„ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რაც იყო 2020, 2021, 2022 წლებში. შესაბამისად, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს, მთელი ამ დროის განმავლობაში კანონის წინააღმდეგ ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას ხალხის სახელით საუბრის მანდატი 2020 წელს მიენიჭა.

„ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როცა მივიღეთ 48 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60 პროცენტს. მარტში გვქონდა 61 პროცენტზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ, ეს რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60 პროცენტზე მეტი რეიტინგი და 10 და 15-პროცენტიანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოვგიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, სად დგას სინამდვილეში ხალხი"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში