ბრძოლის წინა დღეს დიდი თანხა შემოგვთავაზეს - ლაშა გურული

29 აპრილი 2024, 14:38 329 ნახვა

ბელგრადში მიმდინარე კრივის ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გურული ფინალში რუს ტარხან იდიგოვს დაუპირისპირდა და პროტესტის ნიშნად მესამე რაუნდის დაწყებამდე ბრძოლა შეწყვიტა.

ქართველმა მოკრივემ პირველი რაუნდი მეტოქეს აშკარად მოუგო, თუმცა, მსაჯებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

გურულმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ბრძოლის წინა დღეს მას წაგებისთვის დიდი თანხა შესთავაზეს.

"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო. ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ. ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო. შორი დისტანციიდან რუსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი, რაც მე ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.

მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა, მეორე რაუნდიც ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას. ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ამიტომაც, ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ. კიდე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს", - დაწერა გურულმა.

ევროპის ჩემპიონტზე ლაშას გარდა ვერცხლის მედალი ესკერხან მადიევმაც მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში