აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ - დარახველიძე

01 მაისი 2024, 10:37 240 ნახვა

აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პოლიცია პროცესში ერთვება მაშინ, როცა აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის, ხელოვნურად ხდება ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება და არსებობს რისკი, რომ თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე.

"მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

 

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის. სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალური საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

 

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, მათ პოლიციის მისამართით ხშირად ისროლდნენ სხვადასხვა ნივთებსა და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა"- განაცხადა დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, პოლიცია მაქსიმალურად იცავს თითოეული შეკრება-მანიფესტაციის მონაწილის უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

„დაახლოებით 15-16 დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება აქციები და პოლიცია ყველა აქციაზე არის მობილიზებული, მაქსიმალურად იცავს თითოეული შეკრება-მანიფესტაციის მონაწილის უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ამ პროცესში ერევა და რაც კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის ან ხელოვნურად ხდება ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება და არსებობს მაღალი ალბათობა, შესაბამისი რისკი, რომ ინდივიდუალური თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე. მხოლოდ ასეთ დროს ერთვება პოლიცია და იწყებს შესაბამის რეაგირებას. ამის ნათელი მაგალითია გასული დღეების შემთხვევები.

რაც შეეხება განსაკითრებულ დავალებათა დეპარტამენტს, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც უკვე შეუძლებელია საპოლიციო ძალებით შეკრება-მანიფესტაციის მართვა, ამ შემთხვევაში ხდება მათი გამოყენება და ისინი იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, იმ ფორმებს, რაც კანონით არის დადგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ შემხთხვევებს, სადაც არსებობს კითხვები, რა თქმა უნდა, ამისთვის არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სპეციალური საგანოძიებო სამსახური, რომელიც ასეთ შემთხვევებზე იწყებს გამოძიებას და სრულად სწავლობს თითოეულ ქმედებას – კანონის ფარგლებში იყო მოქმედება, გამოყენებული იყო პროპორციული ძალა, თუ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. გამიჭირდება, სხვა უწყების ნაცვლად ვისაუბრო ამ საკითხზე. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში