პარლამენტის შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე, შემდეგ კი ყვითელი დონე იმოქმედებს

02 მაისი 2024, 11:41 257 ნახვა

პარლამენტის შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე, შემდეგ კი ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამჟამად, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

წითელი დონე 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ გაუქმდება და ამოქმედდება ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში