ქართველ კანონმდებლებს მოვუწოდებ, კანონპროექტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ - მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

02 მაისი 2024, 17:40 246 ნახვა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ და მისი რეკომენდაციები განიხილონ.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო განაგრძობენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში.

„ღრმად შეშფოთებული ვარ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მისი უკან გაწვევის მოწოდების მიუხედავად.

ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსალოდნელ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი რეკომენდაციები განიხილონ.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის აუცილებელია. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად.

ვგმობ, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო განაგრძობენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში