მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს

04 მაისი 2024, 15:20 264 ნახვა

მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, განაგრძობს ევროპულ გზას და არ არის მარტო, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე საქართველოში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვედრისას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში, ახლა, გარდამტეხი მომენტია.

„როგორც იცით, ახლა მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ და თქვენს მთავრობებს იმ განცხადებებისთვის, რომლებიც გაკეთდა და რომლებიც იყო საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერის გამომხატველი. ჩემი გზავნილი დღეს არის, რომ საქართველოს ევროპული კურსი რჩება უცვლელი, როგორც ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოსთვის არსებობს. ამას ამბობს კონსტიტუცია, რომლის დასაცავადაც ვიმყოფები აქ და ამით ვიცავ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ხმას, იმ ახალგაზრდების ხმას, რომლებიც არიან ქუჩებში, აქციას მართავენ მშვიდობიანად და პასუხისმგებლიანად, ასევე, დანარჩენი მოსახლეობის ხმასაც, რომლებიც ქუჩაში არ გამოდიან, მაგრამ, იზიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. აქვე გეტყვით, რომ არ გახლავართ არცერთი დემონსტრაციის ლიდერი, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, უბრალოდ, ვუჭერ მხარს იმას, რაც თანხვედრაშია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების ნებასთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ და ზეგ სრულად ეკისრება ხელისუფლებას.

„პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ და ზეგ სრულად ეკისრება ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას, რადგანაც მათ მოახდინეს მოვლენათა ჯაჭვის ინიცირება, რაც მოხდა მოულოდნელად მოხდა, მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა იყო გაერთიანებული ევროპული კურსის გარშემო, მაშინ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ქვეყანა იყო სრულად გაერთიანებული როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება და სწორედ, ამ დროს, მოულოდნელად, მთავრობა დააბრუნა ეს ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, ასევე, სხვა კანონები, რომელთაც ვეტოს ვადებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან იმ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ, თუ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყება, ვიმედოვნებ, წლის ბოლოსთვის და ცოტა მოგვიანებით. ამ ნაბიჯით, მთავრობა მოახდინა პროვოცირება იმ ადამიანებისა, რომლებიც გახარებულები იყვნენ ევროკავშირის ღია კარის ხილვით. ასე, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი იყო ძალადობა ხალხზე. იმ ხალხზე, რომელიც ყოველთვის მიიჩნევდა რომ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის და რუსეთის მხრიდან ახალი იმპერიალისტური მცდელობებისგან თავდაცვისთვის საუკეთესო გზა ევროკავშირია.

 

ჩვენ ასევე ვნახეთ ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, ამიტომ, მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, იმ ლექსიკისთვის, რომელიც იყო გამოყენებული იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც 30 წელიწადზე მეტია, მხარს უჭერდით საქართველოს განვითარებას. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, თქვენ იცავდით საქართველოს იდენტობას. ყველა პროგრამა, რომელსაც თქვენ, ან თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ან კერძო ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს, იყო საქართველოს ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად იცის. მათი სახელით ოფიციალურად მინდა,  გითხრათ მადლობა, რადგანაც ეს შეიძლება, მუდამ არ ჩანდეს, თუმცა ეს ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის ახსოვს. არასდროს არ უგრძვნიათ, რომ რომელიმე ქვეყნების მონობაში არიან, მათ არასდროს უგრძვნიათ რომელიმე ქვეყნის დომინირება, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, რუსეთისგან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები იქნება შესაძლებლობა, იმ ძველი კანონების შესასწორებლად, რომლებიც არ შეესაბამებიან ევროპული ინტეგრაციის გეგმას.

„ასევე, იყო პროვოკაციები და ძალადობა კონსტიტუციის მიმართ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულება და ორიენტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი, უკავშირდება ძალადობას რიტორიკაში, რომელსაც იყენებენ ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ და ასევე, ჩვენი მოქალაქეებისადმი. ჩვენი ქვეყნის ახალ თაობას არ შეიძლება, დაუძახო სატანისტი და სხვა მსგავსი სიტყვებით შეამკო, როდესაც მთავრობას წარმოადგენ. მთავრობის ამ რიტორიკას შემდეგ იმეორებენ პარლამენტარები და ქვედა დონის ჩინოვნიკები. ეს ყველაფერი ვერ შექმნის სტაბილურ გარემოს. მე აქ ვარ, რათა გავაკეთო ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც მაქვს, რათა დავიცვა სტაბილურობა, დავიცვა არჩევნებისკენ სვლის შესაძლებლობა. არჩევნები კი მოგვცემს შესაძლებლობას, შევასწოროთ ის ძველი კანონები, რომლებიც არ შეესაბამებიან ჩვენს ევროპულ ინტეგრაციის გეგმას. ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და უნდა შემცირდეს პროვოკაციები მთავრობის მხრიდან, უნდა იყოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების უფრო მეტი გაგება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, გადამწყვეტი იქნება პერიოდი, რომელიც ახლა იწყება.

„რაც მინდა გთხოვოთ, ეს არის გზავნილი, რომელიც მინდა, გასცეთ თქვენს მთავრობებს, პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, იქნება გადამწყვეტი, რადგანაც წინ გველის კანონის მესამე მოსმენა. თარიღები, რომლებიც ამ მოსმენისთვის არის შერჩეული, ასევე, პროვოკაციულია. ეს ყველაფერი ხდება აღდგომის პერიოდში, რომელიც უფრო მეტად გაერთიანების და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ყველაფერი საწინააღმდეგოდ მოხდა. ბატონი ივანიშვილის სიტყვა იყო ძალიან პროვოკაციული, როგორც თქვენი მისამართით, ისე, მოსახლეობისადმი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ სიტუაციაში ვართ. როგორც ჩვენი პარტნიორები, თქვენს მიერ სტაბილურობის პროექციას საქართველოს მოსახლეობისადმი, მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, საქართველო განაგრძობს ევროპულ გზას და საქართველო არ არის მარტო. ჩემი თხოვნაა, ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე საქართველოში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები, შემდეგ ევროპელებისთვის დგება არჩევნების დრო და ასევე, აშშ-შიც არის საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში