დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს - რატი ბრეგაძე

25 მაისი 2024, 16:06 312 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

რატი ბრეგაძე იხსენებს, თუ როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება, თითქოს, სააკაშვილს წამლავდნენ, აწამებდნენ და უსამართლოდ ჰყავდათ პატიმრობაში.

მისივე თქმით, ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე პროფესიონალურმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა იმოქმედა, ზოგმა ეს ტყუილი დაიჯერა და უნებურად ჩაერთო იმ მრავალი მილიონით დაფინანსებულ კამპანიაში, რომელიც კანონიერი პატიმრობიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.

როგორც იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა. 

„დეზინფორმაცია vs საქართველო
0:3


ცილისწამება მძლავრი და ვერაგი იარაღია ადამიანის შეცდომაში შესაყვანად.

მახსოვს, 2021 წლიდან, როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება, თითქოს, სააკაშვილს ვწამლავდით, არაადამიანურად ვეპყრობოდით, ვაწამებდით და უსამართლოდ გვყავდა პატიმრობაში.


სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე პროფესიონალურმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა იმოქმედა, ზოგმა ეს ტყუილი დაიჯერა და უნებურად ჩაერთო, იმ მრავალი მილიონით დაფინანსებულ კამპანიაში, რომელიც კანონიერი პატიმრობიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.
იყო ბევრი შეურაცხყოფა, დევნა და ბევრი სხვა ბინძური მეთოდი გამოყენებული ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად.


საბოლოოდ, სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ, შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს!


მჯერა, რომ ბევრს აეხილა თვალი და მიხვდა, რომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებსაც გვიცნობდნენ ადრე და რასაც ვაკეთებდით, მხოლოდ, ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებდით. შეიძლება ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში. მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ, მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა“, - წერს რატი ბრეგაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში