კულტურის სამინისტრო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

14 სექტემბერი 2024, 10:38 182 ნახვა

კულტურის სამინისტრო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვემს. სამინისტრო მსახიობის ოჯახს უსამძიმრებს და მისი შემოქმედების შესახებ წერს.

„ქართული თეატრალური სამყაროს ძვირფასი წევრი, შესანიშნავი პიროვნება ზურაბ ბერიკაშვილი ყველასათვის საყვარელი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატის, გივი ბერიკაშვილისა და მსახიობის, ამაგდარი პედაგოგის, პროფესორ ლეილა კაპანაძის ოჯახში აღიზარდა.

 

მთელი მისი კარიერის განმავლობაში ზურაბ ბერიკაშვილი ასახიერებდა დაუვიწყარ პერსონაჟებს და ხიბლავდა მაყურებელს თავისი სამსახიობო ოსტატობით.

 

ზურაბ ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ბოლო პერიოდში, თამაშობდა სპექტაკლებში „ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე“ და „უჩინმაჩინის ქუდი“.

 

მის მიერ შესრულებული როლებია: ალვარო - „ვარდის სვირინგი“; ტაფელოვი - „ბაკულას ღორები“; მირიანი - სკოლის დირექტორი - „კაცები“; „მთვრალი ალუბალი“; სილვიუსი - „როგორც გენებოთ“; ქეშელა - „ჯაყო - ხვალ ომი იქნება...“ დურანდარტი, ჩიგოლიტო - „მეფე-ირემი“; ალექსანდრე ელიგულაშვილი - „შევხვდებით სამოთხეში“; ნოტარიუსი პირველი - „დეკამერონი“; ივან კუზმას ძე შპეკინი - „რევიზორი“; ანტონიო - „დაანებე ჩემს ცოლს თავი“; „შეშლილის წერილები“; ექვთიმე თაყაიშვილი - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“; მაურისიო - „ეუხენა ბალბოა“; კუკუ - „მუნჯის სიზმრები“; კრისტოფერ რენი - „ხაფანგი“; სოსიკა ექვსშაურაშვილი - „ძველ სასამართლოში”; ოტია ქამუშაძე - „ქამუშაძის გაჭირვება“; სკვინჩა გოგია - „მოვიგონოთ ჩვენი ახალგაზრდობა“; გიგოია, სიკოია, ნიკო - „სოლომონ მორბელაძე“; სიზმარა - „ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო...“; ავთანდილი - „ამიკო“; თითით საჩვენებელი კაცი - „თითით საჩვენებელი“; სტუდენტი - „ყვარყვარე თუთაბერი“; გამვლელი - „დიადი მცირეში“; სტვირა - „ზაფხულის ღამის სიზმარი“; ჭაბუკი - „ფერხული“; ლენსკი - „ონეგინი“; ქერბალაი - „გიულიჰ...“; სოსო - „მე დავბრუნდები“.

 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ზურაბ ბერიკაშვილის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს“, - წერს კულტურის სამინისტრო.

ზურა ბერიკაშვილი 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში