''ფრინველის კვერცხი უსაფრთხოა'' - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 13 ბიზნესოპერატორი შეამოწმა

16 თებერვალი 2018, 00:00 3475 ნახვა

საქართველოში ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ფრინველის კვერცხი უსაფრთხოა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 13 ბიზნესოპერატორი შეამოწმა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქვეყანაში წარმოებული კვერცხი მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. სალმონელა კი არცერთ საკვლევ ნიმუშში არ იყო. 

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც  საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციასთან დაკავშირებულმა ფაღარათმა შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს მედიკოსების დახმარება.

მონიტორინგი მაკონტროლებლებმა 2017 წელს ჩაატარეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ  არცერთი კომპანიის (შპს "მუხრანი 2007" ,       შპს "პიაცა აგრო" "ახალშენი",   შპს "თერჯოლა 2011", შპს "სავანეთი 99",  "კუმისი XXI", ი.მ. "იოსებ გოგატიშვილი",        შ.პ.ს. "საგარეჯო 2009",  "მესხეთის მეფრინველეობა", შ.პ.ს. "კუმისი XXI",      შ.პ.ს. "ორბი-2006", შ.პ.ს. "გიორგი და კომპანი",       შ.პ.ს. "პატარძეული" და შ.პ.ს. "გორი") პროდუქციის შემოწმებისას დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ფრინველის კვერცხი ერთ-ერთი ფართოდ მოხმარებადი სასურსათო პროდუქტია. მოსახლეობამ მისი შეძენისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.  

სპეციალისტების თქმით, კვერცხის ნაჭუჭის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - ის უბრალოდ ფრინველის ფერზეა დამოკიდებული. პროდუქტის ყიდვისას მოქალაქეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ  გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადას. რაც უფრო ახალია კვერცხი, მით უფრო სასარგებლოა იგი. 

ასევე საყურადღებოა, მაღაზიაში კვერცხი რა პირობებში ინახება. დაუშვებელია მისი რეალიზაცია, თუ პროდუქტი გაგრილების გარეშე, სიცხეში ალაგია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი