'''შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, თუმცა ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით'' - შსს 

20 დეკემბერი 2018, 00:00 1610 ნახვა

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რაიონული სასამართლო დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

გურჯაანში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 დეკემბერს, დილის 09:00 საათიდან გარკვეულ ქუჩებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

''შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია. თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამასთან დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა. ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი'' - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში