"საბჭოს შეუძლია გახდეს წინაპირობა, რომ დირექტორის ცვლილების პარალელურად ჩვენ არ ვნახავთ მხოლოდ მთავრობის საქებ სიუჟეტებს" -სულხან სალაძე

20 ივლისი 2019, 13:43 1202 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გამართლებულად  მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიჩნევს, თუ ის რეალურად აქტიური იქნება. სალაძე ამბობს, რომ თუ საბჭოს მხოლოდ ფორმალური ფუნქცია ექნება მისი არსებობა აზრს კარგავს.

"არის საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე, ერთი რას გადაწყვეტს დამფუძნებელი და მეორე რა იქნება ამ საბჭოს ფუნქცია. თუ ამ საბჭოს ფუნქცია იქნება რეალურად რომ ის იყოს აქტიური და მან შექმნას წინაპირობა იმისა, რომ ტელევიზიის დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული, რომ შრომითი უფლებები იქნება დაცული, რომ იქ არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზიანებს თავად არხს-ცხადია ასეთ შემთხვევაში ეს იქნება საინტერესო შემოთავაზება. ხოლო თუ ეს იქნება საბჭო უბრალოდ ფორმალურად აღჭურვილი უფლებამოსილებებით, მაშინ მე ვერ ვხედავ ამ საბჭოს ფუნქციონირების აზრს"-ამბობს სულხან სალაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ საბჭოს შეუძლია გახდეს იმის წინაპირობაც, რომ მესაკუთრის თუ დირექტორის ცვლილების პარალელურად ჩვენ არ ვნახავთ მხოლოდ მთავრობის საქებ სიუჟეტებს.

"თუ მაუწყებელში იქნება რაიმე ტიპის პრობლემები, საბჭო შეიძლება იყოს ერთგვარი გარანტი, რომ საზოგადოება უფრო მალე და სწრაფად გაიგებს ამას, ვიდრე ზოგადად შეიძლება ეს გახდეს ცნობილი. მითუმეტეს გარკვეული გადაწყვეტილებები თუ მათთან შეთანხმებით იქნება მიღებული, საბჭო გახდება ერთგვარად იმის წინაპირობა, რომ "რუსთავი 2"-ზე  მესაკუთრის თუ დირექტორის ცვლილების პარალელურად ჩვენ არ ვნახავთ მხოლოდ მთავრობის საქებ სიუჟეტებს"- განმარტავს სულხან სალაძე.

მისივე განმარტებით, კანონში არსად ჩანაწერი არ არსებობს, იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ ტიპის საბჭოს შექმნა ვალდებულებაა. სალაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად დამფუძნებლის მისაღებია.  

"სხვას არავის არ გააჩნია ბერკეტი, ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს ამ საბჭოს შექმნას. ამის გადაწყვეტილება უნდა მიეღოს დამფუძნებელმა."

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგებოდა. ერთ-ერთი  მოთხოვნა კი  რაც მათ ახალ მენეჯმენტს წაუყენეს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაა, რომელიც მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში