რატომ არის საშიში ტკიპის ნაკბენი და როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისაგან?

24 ივლისი 2019, 13:00 56806 ნახვა

გაზაფხულსა და ზაფხულში  ტკიპები მრავლდება, იგი არაერთი დაავადების გადამტანია. პარაზიტის ნაკბენი  ყირიმ-კონგოს ცხელებას, ასევე ბორელიოზს იწვევს.

საქართველოში გავრცელებული ტკიპების უმრავლესობა დაავადების გადამტანი არ არის,  მაგრამ არსებობს  ზოგიერთი სახეობა, რომლსაც შეუძლია გარკვეული დაავადებების გავრცელება, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, რომელიც ძალიან მძიმეა.

ტკიპები განსაკუთრებით მრავლადაა მაღალი ტენიანობით გამორჩეულ ადგილებში.

ტკიპის ნაკბენებით მოქალაქეებმა, აჭარის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას სეზონზე რამდენჯერმე უკვე მიმართეს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ  კლინიკაში, ერთი თვის განმავლობაში,  ბორელიოზის რამდენიმე შემთხვევა იყო. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი  დავით მურვანიძე ამბობს, რომ  სტატისტიკა მომატებული არ არის. თვეში  ტკიპის  ნაკბენის შემდგომი გართულებით (ბორელიოზით) სამედიცინო დაწესებულებას 3-მა პაციენტმა მიმართა.  მისივე თქმით, ყველაზე ხშირად მიმართავენ პირები,  რომლებიც მტირალას ეროვნულ პარკს და მაღალმთიანი აჭარას სტუმრობდნენ. 

ბორელიოზით ადამიანის დაავადება დასნებოვნებული ტკიპის ნაკბენით ხდება. ტკიპა კბენის შემდეგ ადამიანის სხეულის  ზედაპირზე ფიქსირდება, თუმცა იგი ხშირად ძნელად შესამჩნევ ადგილებზე გვხვდება, მაგალითად კეფის არეში. დაავადების მატარებელი პარაზიტის მიერ ადამიანის დაინფიცირების რისკი მცირეა კბენიდან პირველ საათებში, თუმცა იგი 36 საათის განმავლობაში იზრდება.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე,  მტირალას ეროვნული პარკიდან  სამმა პაციენტმა ტკიპის ამოსაღებად მიმართა.  სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ  ტურისტებს  კანიდან პარაზიტი ამოუღეს და ნაკბენი დაუმუშავეს.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპის ნაკბენისგან ?

ტკიპები ბალახებში ბინადრობენ და იქედან ხვდებიან  ადამიანის ან ცხოველის სხეულზე,  ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციით ბუნებაში გასეირნებისას ჩაიცვათ დახურული სამოსი  და სპეციალური, მწერის დასაფრთხობი საშუალებები გამოიყენეთ.  

კარგად დაათვალიერეთ ბავშვი ბუნებაში გასვლის შემდეგ. გახადეთ ტანსაცმელი და ყურადღებით დააკვირდით. ყურადღება გაამახვილეთ თავის თმიან ნაწილზე. თუ ბავშვს შავი თმა აქვს, ტკიპას ადვილად ვერ შეამჩნევთ. ასევე კარგად დაათვალიერეთ ტანსაცმელი: ტკიპა შეიძლება მიკრული იყოს ნაჭრის ნაკეცებში, ან ჯიბეში. პარაზიტი, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანის სხეულზე, მით მაღალია დაავადების გადადების შანსი.

„ყურადღება უნდა გამოიჩინონ ფერმერებმა. სოფლის მეურნეობაში მომუშავეებს, რომლებიც სულ ბუნებაში იმყოფებიან ან საქონელთან აქვთ შეხება, კანი დახურული უნდა ჰქონდეთ ტანსაცმლით, შარვალი ჩატანებული უნდა იყოს ფეხსაცმელში, რათა ტკიპას აცოცების საშუალება არ ჰქონდეს. ტკიპა ტანსაცმლიდან ვერ შევა, ხელიდან კი, შესაძლოა შეცოცდეს,“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ტკიპები გავრცელებულია, როგორც ძაღლებში, ასევე კატებშიც. 

ტკიპამ გიკბინა? როგორ მოვიქცეთ?

შეგიძლიათ ტკიპა თქვენი ხელით მოიშოროთ. დაგჭირდებათ პინცეტი ან სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც მაქსიმალურად მჭიდროდ მოჭიდებთ მკბენარას და საათის ისრის მიმართულებით დაატრიალებთ. 
პინცეტის რამდენიმე ბრუნზე ტკიპა ამოვარდება.

მედიკოსების რეკომენდაციით, მთავარია დარწმუნდეთ, რომ კანში მისი არც ერთი ნაწილი არ დარჩა. თუ ეჭვობთ, რომ პარაზიტი სხეულიდან ვერ მოიშორეთ, ინფექციის თავიდან ასაცილებლად უახლოეს კლინიკას მიმართეთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში