"საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება" - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

27 ივლისი 2019, 11:00 3070 ნახვა

"საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ"-ასე  გამოეხმაურა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გუშინ, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფრომაციას იმის თოაბაზე, რომ რუსული მხარე სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციას და საერთაშორისო ფრენების აღდგენას გეგმავს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში ცალსახად ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

განცხადებაში ასევე წერია, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. რომ, ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

"ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს. საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს"-ვკითხულობთ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში