"გაუმართლებელია ისედაც შეზღუდულ გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება" - ქეთევან ციხელაშვილი

07 აგვისტო 2019, 11:45 1047 ნახვა

"აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია ისედაც შეზღუდულ გადაადგილებაზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების დაწესება" – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარი ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, სამწუხაროდ, ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების  ფაქტობრივად სრული შეზღუდვა ამ დღეების განმავლობაში რეჟიმს ერთგვარ წესად ექცა, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულია.

"ვისურვებდი, ამ მძიმე დღეებში, რომელიც მართლაც უამრავი ადამიანისთვის, ათასობით ოჯახისთვის პირად ტრაგედიას, ძალიან მძიმე დანაკარგს, დევნილობას და ყოველდღიურ გამოწვევას უკავშირდება მავთულხლართების გასწვრივ, აქეთ თუ იქეთ მხარეს, ყველანი მეტად დავფიქრდეთ, თუ რა გვინდა მომავალში, როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და არა, კიდევ უფრო დავუმძიმოთ ისედაც მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში