დღეს 31 აგვისტოს, საქართველოს კრისტალბეთის ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართება. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, "დინამო" ბათუმი რუსთავში ადგილობრივ "რუსთავს" დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრას რუსთავში დავით ხარიტონაშვილი განსჯის. ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა ბათუმში ,,ანგისის საწვრთნელ ბაზაზე’’ გაიმართა და აჭარული კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ 26-ჯერ დაუპირისპირდნენ. 8 თამაშის მოგება ბათუმელებმა მოახერხეს, 14-ჯერ გამარჯვება რუსთაველებს დარჩათ, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბოლოს ამ გუნდებს შორის მატჩი ფრედ 2001 წელს დასრულდა.
ამ დროისთვის ,,დინამო’’ ბათუმს 49 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება , ხოლო ,,რუსთავი’’ 29 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
დღეს ეროვნულ ლიგაში მეორე მატჩიც გაიმართება ქუთაისის ,, ტორპედო’’ წყალტუბოში თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.