ქალაქის ნაწილში, შუქნიშნების მუშაობის სქემა შეცვალეს. ბათუმის ავტოტრანსპორტის გადაწყვეტილებით, გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი შემდეგნაირად მუშაობს: 12 წამის განმავლობაში, მოძრაობა აკრძალულია მთავარ გზაზე მყოფი ავტომობილებისთვის, შემდეგ მეორეხარისხოვან გზაზე მყოფი ავტომობილებისთვის ირთვება მწვანე ნიშანი, ბოლოს კი, 12 წამი ზებრა გადასასვლელზე ქვეითებს ეთმობა.
მოქალაქეებმა ახალი სქემის შესახებ არაფერი იციან. მთავარ გზაზე წითელი ნიშნის ანთების შემდეგ, დამატებით სექციაში შუქნიშნის ჩართვას არ ელოდებიან და მოძრაობას იწყებენ.
''მხოლოდ რამდენიმე წამია, ბავშვი ეტლით თუ მიმყავს გადასვლას ვერ ვასწრებ. ისიც არ ვიცი ზუსტად რა შეიცვალა. მთავარ გზაზე ვხედავ მანქანა ჩერდება, ქვეითების გრაფაში ისევ წითელია. მეგონა, რომ შუქნიშანი გაფუჭებული იყო, ამიტომ გზაზე გადავედი,'' - უთხრა მაუწყებელს მოქალაქემ.
''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' კი, ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მოძრაობის დასარეგულირებლად მიიღეს. ამბობენ, რომ ეს აპრობირებული მეთოდია, რომელსაც სხვადსხვა ქვეყნებში იყენებენ. ამ ეტაპზე დაკვირვების რეჟიმში არიან.
'' გადავწყვიტეთ შეგეცვალა სქემა, როცა ქვეითად მოსიარულეებისთვის მწვანე ინთებოდა, მეორეხარისხოვან გზაზე მყოფი ავტომობილებიც მოძრაობდნენ, იქმნებოდა საცობები და სახიფათო სიტუაციები. ამიტომ შუქნიშნები ისე გადავაწყვეთ, რომ ფეხით მოსიარულეებს გადასვლის დროს დაბრკოლებას არავინ შეუქმნის. 12 წამი საკმარისია, ქუჩაზე გადასვლას მოასწრებს. სტანდარტების დაცვით მოხდა ყველაფერი'' - უთხრა მაუწყებელს ბესო დათიაშვილმა.
ამ ეტაპზე ახალი შუქნიშნები ახალი სქემით მუშაობს გორგილაძის ქუჩაზე, მხოლოდ სამ მონაკვეთში.