საქართველოს სახელმწიფო საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება

16 მარტი 2020, 13:30 2037 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან საზღვრის გადაკვეთას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ.

შეზღუდვები, ხვალ 18 მარტს, 00:00 საათზე ამოქმედდება და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

საქართველოს მოქალაქეებს კი შეეძლებათ ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ  ქვეყანაში. 

„მინდა გაგაცნოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ეხება ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციას. პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში