ენმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის ნაცვლად სკვერის მოწყობას ითხოვს

21 სექტემბერი 2020, 18:44 1651 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი   აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. გიორგი კირთაძე უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებს გააუქმოს ხელშეკრულება კომპანიის წარმომადგენლობასთან, რომელსაც სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა.

ოპოზიციონერი კანდიდატის განცხადებით, ტერიტორია  კომპანიას 2015 წელს კორუფციული გარიგებით გადაეცა, რომლის საფუძველზეც  მშენებლობა 2019 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა. სწორედ ამიტომ კირთაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულია მშენებლობის გადავადების ნაცვლად  ინვესტორთან ურთიერთობა გაწყვიტოს და ტერიტორიაზე სკვერი მოაწყოს, რაც მისივე თქმით ადგილობრივების სურვილიცაა. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ  ბათუმის მერიასა და კომპანიას შორის ამ ეტაპზე ნებართვის თაობაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც უწყება კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ  ტერიტორია პირობიანი ელექტრონული წესით გასხვისდა და ერთ-ერთი პირობა სწორედ სარეკრეაციო ზონის მოწყობა იყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში