ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა

21 ოქტომბერი 2020, 14:58 1846 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. დღესვე სტუდენტებმა ფიცი დადეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და განათლების მინისტრი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს დღე სტუდენტების ცხოვრებაში არაორდინალურია, რადგან მათ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება უწევთ.

„ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან განათლების სისტემას, რათა საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი. ამ საკითხში ფუნდამენტურ მეცნიერებებს, განათლებას აქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. ამასთან ერთად, მინდა შევუერთდე ქალბატონ პრეზიდენტს და უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ და ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა, რომ ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა“, - განაცხადა გახარიამ.

პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის.

„მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ”- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

,,მე მინდა შევუერთდე ჩვენი თანამოქალაქეების, უბრალო ადამიანების განცდას და იმ სიხარულს, რომელიც ამ მნიშვნელოვანი და მართლაც შთამბეჭდავი უნივერსიტეტის გახსნას ახლავს თან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ქუთაისში, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რომელიც სრულად დააფინანსა ფონდმა “ქართუმ”.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში