პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძე დააკავეს - შსს

02 დეკემბერი 2020, 16:28 2265 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ფოთში ერთი პირი დააკავეს. საუბარია ასლან ვაშაყმაძეზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა და მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ.

რამდენიმე საათის შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. 

''მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში