რა პერსპექტივა აქვს ტურიზმის გახსნას შეზღუდვებისა და პანდემიის ფონზე?

31 მარტი 2021, 14:50 883 ნახვა

2019 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12% ტურიზმზე მოდიოდა, 2020 წელს მონაცემები 2%-მდე შემცირდა.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს დაახლოებით 1,515 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წელთან შედარებით 80.4%-ით ნაკლებია.

შარშან ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან ნახევარი მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2,7 მილიონი დოლარი დაკარგა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე რეგულარული რეისების შესრულება თბილისიდან 24, ქუთაისიდან 4, ხოლო ბათუმიდან 6 მიმართულებით იგეგმება.

ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, შაბათ-კვირას არ მუშაობს კაფეები და რესტორნები, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კი საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

"ფრენების დანიშვნა კარგია, მაგრამ ვინ ჩამოვა ქვეყანაში როცა 9 საათზე სახლში უნდა იყო ან სასტუმროში, შაბათ-კვირას შეზღუდვებია, რესტორნები არ მუშაობს, არც კონცერტი და არც არანაირი გასართობი ღონისძება ტარდება"- აცხადებს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.

იგი დროული ვაქცინაციის გარეშე ტურიზმის გახსნის პერსექტივას ვერ ხედავს. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ თუ გვინდა ტურისტი ჩამოვიდეს, მთავრობამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

"მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების შესაბამისი დოზის შემოტანა რაც აუცილებელია პანდემიის დაძლევისთვის, სრული მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, ვაქცინა უნდა იყოს ასარჩევად და მოსახლეობაში ჩატარდეს აქტიური კამპანია. დროულად არ დავძლევთ ჩვენს პანდემიას, ეკონომიკურ პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ, მით უმეტეს ტურიზმი, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული უსაფრთხო გარემოზე"-აცხადებს გიორგი კეპულაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც არ იცრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რთულია საზოგადოება დაარწმუნო, რომ ისინი აიცრან და ამ მიმართულებით არის სამუშაო.

"წინააღმდეგ შემთხვევაში დაკეტვა-გაღებით არა თუ დავაზიანებთ ამა თუ ის სფეროს უბრალოდ მოვკლავთ და ეს სფერო ვერასდროს ვერ აიდგამს ფეხს.  იქ სადაც შაბათ-კვირას რესტორნები დაკეტილია, სადაც 9 საათის შემდეგ  ე.წ. კომენდანტის საათია და გარეთ გასვლა აკრძალულია, როგორ შეიძლება ტურისტი კმაყოფილი გავუშვათ და მან დადებითი რეზიუმე დაწეროს და სხვა საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდოს"-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის აღდგენა კუს ნაბიჯებით მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით ძალიან ბევრ სტუმარს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლა უნდა, თუმცა ფრენებისა და სახმელეთო საზღვრის დაკეტვის გამო ვერ ახერხებენ.

"თუ ესე გაგრძელდა ძალიან ნელი ტემპით გაგრძელდება ტურიზმის აღდგენა.

 

ვაქცინაცია არის პირველი გამოსავალი, უნდა დაჩქარდეს და სწრაფი ნაბიჯით დაიწყოს კომერციული ვაქცინაციის პროცესი, უნდა დაჩქარდეს  სახელმწიფოს მეთვალყურეობით "- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა

ექსპერტები ამბობენ, რომ ტურისტული ვიზიტების შემცირება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ლარის კურსზე. 

მათი განმარტებით, ტურიზმი მნიშვნელოვანია სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით. მეტი ტურისტი ნიშნავს საქართველოში ღამისთევით მეტ ადამიანს, შედეგად კი მეტ დანახარჯს განთავსებასა და მომსახურებაზე.

მათივე განცხადებით, როცა ნაკლები ვალუტა შემოდის  ქვეყანაში ეს ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზეც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში