ბათუმში, ოპოზიციური პარტიის წევრებმა 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს

08 აპრილი 2021, 23:25 1151 ნახვა

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა, გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. 

ოპოზიციური პარტიის წევრები, 9 აპრილის დადგომას, მემორიალთან შეხვდებიან და ყვავილებით შეამკობენ.

მათივე თქმით, ისინი პატივს მიაგებენ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს, რომლებიც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

"9 აპრილი გარდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა, პატივის მიგების დღისა, ასევე არის სახელმწიფო ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღე. სამწუხაროა, რომ 32 წლის შემდეგაც ამ ქვეყანამ თავისუფლებას ვერ მიაღწია და უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ვცხოვრობთ. ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სიცოცხლეს ფუჭად არ ჩაუვლია და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და ვემსახუროთ იმას რისთვისაც თავი გაწირეს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე.

პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი კომენდატის საათს არ არღვევენ, რადგან ამ დღეს ტრადიციულად ყოველ წელიწადს, პატივს მიაგებენ გმირებს. 

ამ დრომდე კომენდატის საათის დარღვევის გამო არავინ დაუჯარიმებიათ. 

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რის შემდეგაც 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში