"ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო წყალი წყაროდან მოგვაქვს" - აქცია დაბა ოჩხამურში

04 მაისი 2021, 14:29 156 ნახვა

დაბა ოჩხამურში, ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრებ, დაახლოებით 2000-ოჯახს, წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვს.

დღეს, ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას და  მერიას დახმარებას სთხოვენ.

"გაუსაძლის პირობებში ვართ, ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო წყალი წყაროდან მოგვაქვს, რომელიც საკმაოდ შორსაა. ისიც არ ვიცით, ის წყალი, რომელიც გრაფიკით მოგვეწოდება სასმელად ვარგისია თუ არა. ხშრად ონკანში ბინძური წყალი მოდის"-აცხადებენ ადგილობრივები.

შეკრებილები აცხადებენ, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა კვირაობით არ აქვთ. 

ისინი დასახლებაში გამრიცხველიანებას და წყლის უწყვეტ მოწოდებას ითხოვენ. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სწორედ ახლაა საჭირო ჰიგიენური ნორმების დაცვა, თუმცა შექმნილი ვითარების გამო სისუფთავის დაცვაც უჭირთ.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, დაბა ოჩხამურში გუშინ წყლის მიწოდების მხრივ  ტექნიკური პრობლემა ნამდვილად იყო, რის გამოც მოსახლეობას წყალი არ მიწოდებოდა.

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ უკვე შერჩეულია kfw და "აჭარის წყლის ალიანსის" მიერ პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში წყლისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის აგვისტოში, სწორედ დაბა ოჩხამურიდან იგეგმება.

"პროექტის დასრულებამდე დასახლებაში გამრიცხველიანება ვერ მოხდება. წყლის ხარისხისა თუ დებეტეს  ირგვლივ მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებული პრობლემები ლოკალურად მოგვარდება"-განაცხადა ქობულეთის მერმა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში