ისტორიაში პირველად ქართველი მსაჯი ტიერ1-ის ნაკრებების შეხვედრას განსჯის

08 ივნისი 2021, 19:24 1384 ნახვა

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს.

ახალგაზრდა არბიტრი 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა სადაც 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება. მანამდე 19 ივნისს ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და იტალიის, ხოლო 25-ში ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის.

ამაშუკელის განცხადებით, ის ფიქრობდა ზაფხულის პერიოდში მხოლოდ 20 წლამდელთა 6 ერის თამაშებს იმსაჯებდა, თუმცა მოულოდნელად მსოფლიო რაგბიდან ტიერ1-ის ქვეყნების შეხვედრების მსაჯობა დაავალეს.

"ზაფხულის საერთაშორისო მატჩების პერიოდში, 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას ვიმსაჯებ და ვფიქრობდი, რომ მეტი დანიშვნა აღარ მექნებოდა, თუმცა, დამიკავშირდა მსოფლიო რაგბის მსაჯების ხელმძღვანელი ჟოელ ჟუში და მამცნო, რომ დანიშნული ვარ უელსი-კანადისა და რუმინეთი-შოტლანდიის მატჩებზე მოედნის მსაჯად. ეს ძალიან დიდი პატივია. ოცნება ამიხდა, რადგან „პრინციფალითი სთედიუმზე“, სადაც პანდემიის შემდეგ, შეხვედრას პირველად დაესწრება მაყურებელი, მე ვიმსაჯებ უელსის თამაშს.შემდეგ, სანამ შოტლანდია საქართველოში ჩამოვა, განახლებულ „არკულზე“ რუმინეთს ეწვევა და მთავარი მსაჯი აქაც მე ვიქნები. ასეთი კონკურენციის ფონზე ორ თამაშში ვიქნები ცენტრალური მსაჯი, რაც დიდი ბედნიერებაა“. - განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.

მსოფლიო რაგბმა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ივლისსა და აგვისტოში გასამართი 44 საერთაშორისო მატჩისთვის, 8 ქვეყნის 21 მსაჯი შეარჩია. მსოფლიო რაგბის მსაჯთა შერჩევის კომიტეტის ხელმძღვანელი გრემ მური ამბობს, რომ მსაჯები და მათ შორის ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში