რეზო ხარაზი წვრილმანი ხულიგნობისთვის 500 ლარით დააჯარიმეს 

28 ივლისი 2021, 17:20 1208 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზი წვრილმანი ხულიგნობისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. 

ბრალდების მხარე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ გაიზიარა და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა.

საქმე ეხება 12 ივლისს აჭარის მთავრობის სახლთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მხარდამჭერი აქციის დროს მომხდარ ინციდენტს. სასამართლოზე პოლიციელმა თქვა, რომ ხარაზი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და უხამსი რეპლიკებით გამოირჩეოდა. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ფიქრობს, რომ   მმართველი გუნდი ამ მეთოდით მის გაჩუმებას ცდილობს. რეზო ხარაზის განცხადებით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყება, რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგს უკავშირდება, რომელიც მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხებოდა. 

აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. 

რეზო ხარაზმა სასამართლოზე არ უარყო, რომ აქციის გამართვის დღეს აღელვებული იყო და შესაძლოა არაეთიკურად გამოუვიდა, თუმცა ეს საქმის დაწყების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. 

სასამართლო რეზო ხარაზს სისხლის სამართლის ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და  დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში