გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა დეზინფორმაციას, ზიზღის ენას და მანიპულაციას - მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინცინდენტზე

16 სექტემბერი 2021, 14:30 1166 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა.

სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ვიდეომასალა ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.

მდინარაძის განცხადებით, გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა დეზინფორმაციას, ზიზღის ენას და მანიპულაციას.

მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ნიკა გვარამიას სიტყვები, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში და ეს აღნიშნული კადრებითაც დასტურდება სადაც ჩანს, რომ ის შემთხვევის შემდეგ კამერით გადაადგილდებოდა.

"ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომ მოხდეს მანიპულაცია მოატყუოს გვარამიამ საზოგადოება თითქოს ოპერატორი იყო უგონო მდგომარეობაში, ამ დროს ის ვხედავთ, რომ გადაადგილდებოდა. არის ასევე კადრები სადაც ჩანს, რომ ის რეკავს, სავარაუდოდ სასწრაფოში და ამ დროს ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება და უგონო მდგომარეობასთან საქმე არ გვაქვს.

გუშინ მთავარ არხს მოვუწოდე, გაევრცელებინა ის კადრები რაც მათ ჰქონდათ. ასეთ კადრები არსებობს, რადგან კამერა იღებდა იმ მომენტში როცა მოაჯირს წამოეგო ოპერატორი, თუმცა შემდეგ "მთვარი არხის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაზიანდა აპარატურა და მასალა ჩაწერილი არ არის. წარმოუდგნელი, რომ ერთი წუთით ადრე მასალა არსებობდეს და გადავარდნის შემდეგ ისე დაზიანდეს, რომ წამებით ან წუთით ადრე მოიჭრას და დანარჩენი დარჩეს. ჩიპის ასეთი დაზიანება წარმოუდგენელია, საქმე გვაქვს იმასთან, რომ რეალობის დაფარვის და საზოგადოების მოტყუების მიზნით დაიმალა კონკრეტული კადრები.

მოვუწოდებ "მთავარ არხს" გაავრცელოს ის კადრები, რომლებიც აქვთ და მალავდნენ"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იგი ექიმის შვილია და არცერთი ექიმი დიაგნოზს არ დაამძიმებს, ოპერატორი უკვე სახლშია და აგრძელებს მკურნალობას.

მდინარაძე ამბობს, რომ კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ, და არა შემთხვევამდე.

"ნებისმიერი ფორმით ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ.

მოდით, ვნახოთ, თუ რას იტყვის „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია და იკადრებს თუ არა იმის თქმასაც, რომ ეს კადრები მანამდეა გადაღებული. იმ უწყვეტ, უფრო ვრცელ მასალაში, რომელსაც ჩვენი პრესსამსახური გაავრცელებს, ასევე არის კადრობრივი მინიშნება იმაზე, რომ კადრები შემთხვევის შემდეგაა გადაღებული. იქ ჩანს, რომ ოპერატორი წყალს სვამს, ჯდება, მოქალაქეების რეაქციებიც მეტყველებს იმაზე, რომ შემთხვევა უკვე მომხდარია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში