ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში უხვი ნალექის შედეგად ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა

22 სექტემბერი 2021, 13:50 1353 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, უხვი ნალექის შედეგად ფერდსამაგრი კედელი ჩამოიშალა.

ფალავანდიშვილების სახლთან, დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის კედელი ჩამოინგრა და მიწის მასა საკარმიდამო ნაკვეთში ჩაიტანა.

"გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ფერდი ჩამოიშალა, ეს პირველად მოხდა. დახმარება გვჭირდება და ფერდსამაგრს აღდგენა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე განმეორდება"-აცახდებს თენგიზ ფალავანდიშვილი.

ამ დროისთვის ადგილზე, ქობულეთის მერი, სოფელ ხალას ადგილობრივი წარმომადგენლობა და ასევე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იმყოფება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას ეცნობიან.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მეწყრის 29 კერა ფიქსირდება. მათივე ცნობით, სოფელ კვირიკეში ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

"მეწყრის სულ 29 კერა დაფიქსირდა. აქედან მეწყერი 14 მიმართულებით ჩამოწვა სახლთან ახლოს და მისასვლელ გზებზე. მუშაობს საგზაო დეპარტამენტის 5 ერთეული ტექნიკა, მაქსიმალურად იწმინდება გზები.

ხუცუბანსა და ლეღვაში  ხიდებია დაზიანებული, იქაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რომ მოძრაობა აღდგეს. ძირითადად შეფერხებებია სოფლების მიმართულებით, ქალაქში ამ დროისათვის არანაირი შეფერხება არ შეინიშნება.

მაქსიმალურად მუშაობს ყველა სამსახური. მერიაში მოქმედებს საინფორმაციო ცხელი ხაზი, ხდება ინფორმაციის შემოსვლა, დამუშავება.

მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში მოვიწვევთ გეოლოგებს და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად მოხდება თითოეული შემთხვევის შესწავლა.

სოფელ გორგაძეებში ფალავანდიშვილების სახლთან განვითარდა მეწყერი. ძველი ფერდსამაგრი ნაგებობა იყო, რომელიც მიწის მასამ ჩაიტანა.  უახლოეს დროში გეოლოგები მოვლენ. დასკვნის მიხედვით სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიება განისაზღვრება.

29 შემთხვევიდან ერთია განსაკუთრებით საყურადღებო. სოფელ კვირიკეში ერთი ოჯახის ადგილმონაცვლეობა გახდა აუცილებელი. დღეს და ხვალ ინტენსიური ნალექია მოსალოდნელი და  სადაც საფრთხე არსებობს ვიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებას და ოჯახი გაგვყავს უსაფრთხო ადგილას"-განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოხს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში