ახალგაზრდა ქალი, რომელიც მამაკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს ამბობს, რომ დაკავებულისათვის ბრალის შემსუბუქებას გავლენიანი ახლობლები ცდილობენ 

06 ოქტომბერი 2021, 14:23 495 ნახვა

გამომძიებლების მხრიდან გულგრილობასა და ბრალდებულისადმი ბრალის შემსუბუქების მცდელობაზე საუბრობს ახალგაზრდა ქალი. 18 წლის გოგო ამბობს, რომ 31 წლის კაცმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. პოლიციაში საჩივრის შეტანის შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს და წინასწარ პატიმრობაშია.

დაზარალებული ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მისი ადვოკატი მოულოდნელად საქმეს ჩამოშორდა, რაც  კითხვებს ბადებს.

მისი თქმით, ბრალდებულს მაღალჩინოსანი ახლობლები ჰყავს და სწორედ მათი დახმარებით ბრალის შემსუბუქებას ცდილობს. 

​''ნათლიაჩემის ქმარს გაუპატიურების მცდელობაში ვადანაშაულებ. სტუმრად ვიყავი, მისი 2 შვილიც იყო იმ ოთახში, სადაც გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი. თავი დავაღწიე, მივედი პირდაპირ პოლიციაში. ჰქონდათ რეაგირება, ყველნაირად გვერდში მედგნენ, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ შვილები ჰყავს და იქნებ შევიბრალო.

ვიცი, რომ ახლობლები მაღალ თანამდებობაზე არიან, რომლებიც მფარველობენ, დანამდვილებით შემიძლია ამის თქმა. გამარჯობის დონეზე მქონდა ამ შემთხვევამდე მასთან კონტაქტი, არასოდეს მსგავსი არ მიგრძვნია მისგან, თორე იქ არასოდეს მივიდოდი.

სახლში რომ წამოვედი დაიწყო მუქარის ზარები. მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მაფრთხილებდა, რომ არავისთან არაფერი მეთქვა, არ უნდა გამეხმაურებია და დაუსჯელი უნდა ყოფილიყო. იმედი არ მაქვს, რომ საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული, ამიტომაც ვსაუბრობ დღეს ასე საჯაროდ. ადვოკატი მყავდა და  ჩამოშორდა საქმეს, ზუსტი მიზეზი არ ვიცი. ამჯერად ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადვოკატს"- განაცხადა დაზარალებულმა.

მისივე თქმით, შემთხვევა ივლისში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე გამოძიება, გაუპატიურებისა და მუქარის მუხლით დაიწყო. 

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებაც შეძლეს. 

რაც შეეხება მაღალჩინოსნების მხრიდან მფარველობის ბრალდებას, უფლებადამცველი კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას ითხოვს და ასევე აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ ვინმე მფარველობდეს, ახლა ციხეში არ იქნებოდა. მსგავსი არაფერი მომხდარა და ეს აბსურდია. აღკვეთის შეფარდებიდან ორი თვე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაცვის მხარემ მოიპოვა მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კანონიერად. მინდა ყველამ დაიმახსოვროს, რომ კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს და ვერც ერთი პირი ვერ ჩაერევა ასეთი კატეგორიის საქმეებში. 

დაზარალებული მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარს უნდა მოერიდოს, რადგან აღნიშნული საკითხი სენსიტიურია და შესაძლოა მის პიროვნებას მიადგეს სერიოზული ზიანი. რაში სჭირდება ასეთი პათოსით და ბრალდებებით საუბარი გაუგებარია'' - განაცხადა ადვოკატმა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში