სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს

18 ოქტომბერი 2021, 16:05 3116 ნახვა

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის  წინ დაასრულეს, სახლში ჩხრეკა რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

"საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებ კომენტარს. გამოვლინდება უფრო მეტი, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით"- განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ ბერიძემ.

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ანასტასია შატალოვა, რომელიც თბილისში მოკლეს,  ზურაბ ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა. 

მისივე თქმით, ყოფილი ვიცე-მერი ბრალდებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და სასამართლომ ის 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

" იყო უთანხმოება მხარეთა შორის, ეს იყო მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. არაერთი ადმინისტრაციული დავა იყო მხარეთა შორის, რომელიც უკავშირდებოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას და არაერთხელ იქნა დაკმაყოფილებული აწ გარდაცვლილის მოთხოვნა. 

ერთხელ დამიკავშირდა  და მითხრა, რომ ჩემი და ბავშვის მიმართ იძალადაო. მე ვუთხარი, რომ ეცნობებია შესაბამისი სამსახურებისთვის, დაიწყო გამოძიება, ვერ მიაგნეს ამ კაცს და ვიცი, რომ დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ასევე გაიცა დავით მამისეიშვილის მიერ დაკავების განჩინება. მოგვიანებით კი იგივე დავით მამისეიშვილის მიერ 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ, საპატიმრო ღონისძიებები არ გატარდა.

გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომელსაც 30 დღიანი ვადა აქვს და რომ გაუვიდა ვადა მთხოვა, მომემზადებინა მასალები და მაქსიმალური 9 თვიანი ვადით ყოფილიყო ეს. 2 თვეა თითქმის მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა, თუმცა შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით, გაჭიანურდა  საქმე. დღეს უნდა ყოფილიყო ეს სხდომა. გუშინ 10 საათზე მქონდა კომუნიკაცია, ვუთხარი, რომ გადადების მოთხოვნა ჰქონდა წაყენებული მეორე მხარეს.

 ბავშვი იზრდებოდა დედასთან, ამას ჩვენ მივაღწიეთ, ბავშვი აღსაზრდელად გადაეცა დედას. მას არც დედობა და არც ქალობა აკლდა.

ბოლო პერიოდში მას რაიმე მუქარის შიშები არ ჰქონდა. ადრე საუბრობდა მისდამი შიშებზე, უნდოდა წასულიყო ბავშვთან ერთად  სამშობლოში, მას აქ ცხოვრება აღარ შეძლო.  როდესაც სასამართლომ ბავშვი აღსაზრდელად გადასცა,  თან მიუთითა, რომ დავის პერიოდში ის საქართველოს ვერ დატოვებდა. ის სასამართლოშიც აფიქსირებდა, რომ აუცილებელი იყო მისი გამგზავრება  სამშობლოში და  ბავშვის მამას შვილის ნახვის უფლებას არ აუკრძალავდა"-აცხადებს პაატა შავაძე.

ზურაბ ბერიძის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში მოკლულ ქალთან  ურთიერთობა არ ჰქონია. 

​''არც დაკავებულია და არც გამოკითხვაზე იმყოფება. დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებით დადგინდება მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტება. სახლიდან ამოიღეს ნივთები, რომლის ამოღებაც გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რაზეც ზურაბ ბერიძემაც თანხმობა განაცხადა. ჩემი ინფორმაცია ბოლო 6 თვეა აღნიშნულ პიროვნებასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა არ ჰქონია. მარტო ზურაბ ბერიძის ბინაში არ ჩატარებულა ჩხრეკა, მიმდინარეობს სრული და ობიექტური გამოძიება'' - ამბობს ადვოკატი. 

რაც შეეხება ძალადობის ბრალდებას, ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ უნდა დაირღვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა საგამოძიებო მოქმედებები გუშინ, თბილისში მომხდარ მკვლელობას.

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი ანასტასია შატალოვაა. მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით, დავა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში