მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ოთხი კრიზისი ჰქონდა, მივმართავ იუსტიციის სამინისტროს იგი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ - უკრაინის ომბუდსმენი

27 ოქტომბერი 2021, 14:40 902 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად სუსტდდება - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ,  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ ის პუტინის პატიმარია. 

„სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას, ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის რამე ცუდის გაკეთება და არ სურს საქართველოში სისხლისღვრის დაშვება, ამიტომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

რაც შეეხება მისი საპროცედურო უფლებების დარღვევას, ჩვენ მასთან განვიხილეთ ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მას აქვს. თქვენ იცით, რომ არის ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და ძალაში შესულია და ახლა სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმეებზე იხდის სასჯელს. არის, ასევე, ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე საჯარო განხილვები იყოს სასამართლოში და ასევე, ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

ამგვარად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია. რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები,“- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლუდმილა დენისოვამ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობისას ოთხი კრიზისული პერიოდი ჰქონდა. 

"მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი - ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული.

კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო და ვიცით რომ დღეს, შიმშილობის 27-ე დღეს ეს შესაძლებელია, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ.

ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში