ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული დიპლომატიური მისია, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს - პრემიერი

05 ნოემბერი 2021, 18:28 733 ნახვა

ბოლო ათწლეულში ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული დიპლომატიური მისია, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, გასაძლიერებლად. ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ დღეს დიპლომატის დღე აღინიშნება. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

მოგეხსენებათ, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მაგრამ სულხან-საბას სახელს უკავშირდება როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომელიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე. თავის დროზე, კარგად მოგეხსენებათ, რომ სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს, ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა და ბოლო ათწლეულში ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული დიპლომატიური მისია, რამაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში დგახართ ქართველი დიპლომატები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში