მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობა გააგრძელა - ადვოკატი

08 დეკემბერი 2021, 13:22 680 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტი შეწყვიტა, რადგან მისთვის გუშინ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა და პროტესტის ფორმა ამოწურულია.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახურის შეზღუდვების საპასუხოდ მიმართა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს ვიზიტორების მიღება და ტელევიზორით სარგებლობა აუკრძალეს.

„პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი.

რაც შეეხება ვიზიტორებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლებლობა მიეცა მის პირად ექიმს, რომ შესულიყო და ყოველ შემთხვევაში არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია პენიტენციური სამსახურისგან, რომ არ შეუშვებენ ოჯახის წევრებს"-განაცხადა საძაგლიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში