გია ლორთქიფანიძე დამიკავშირდა და მკითხა, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანას თუ შევძლებდი - ელგუჯა ცომაია

13 იანვარი 2022, 16:37 989 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ  სასამართლო პროცესზე  დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.

ცომაიას განმარტებით, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა.

მისივე თქმით, ბრალდებულის თქმით, არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, ვინაიდან ის ბევრი წელია, უკრაინაში დადის.

„ერთ დღეს დამირეკა, მითხრა საქმე მაქვსო და საწყობში მოვალო. ეს იყო შარშან, დაახლოებით ერთი წლის წინ, ახალი წლის შემდეგ. მოვიდა გია ლორთქიფანიძე და მკითხა, შევძლებდი თუ არა ადამიანის გადაყვანას საქართველოში. ვუთხარი, რომ ეს არ მჭირდებოდა და ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ თუ რამეში დავეხმარებოდი, მათაც უნდა აღმოეჩინათ დახმარება ჩემი პრობლემების მოგვარებაში. ამის შემდეგ მითხრა, რომ შეეცდებოდა და მკითხა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას თუ შევძლებდი. წამოვედი საქართველოში, შემდეგ გარდამეცვალა მეუღლე და სექტემბერში აბაშაში, ჩემს სახლში, დამირეკა გია ლორთქიფანიძემ WhatsApp-ით და მითხრა, უკრაინაში უნდა წამოხვიდეო.

4 მანქანა მყავს და ყველაზე გამართული რომელიც იყო, Scania-ს მარკის, დავჯექი და ცარიელი წავედი უკრაინაში. იქ ავიღე ტვირთი ხარკოვსა და ნიკოლაევში, შემდეგ წავედი ოდესისკენ. 27 სექტემბერს იყო დანიშნული გემი, მაგრამ გრაფიკი შეიცვალა და 26-ში საღამოს წამოვიდა. ამ დროს დავურეკე გიას და ვუთხარი, რომ 26-ში უნდა გავყვე გემს. პორტის შესახვევთან, ბენზინგასამართ სადგურთან დავდექი და ვუთხარი, რომ სააკაშვილი იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო, ბნელოდა, მე კაბინაში ვიჯექი, როცა მანქანა მოვიდა და სააკაშვილი გადმოვიდა. მივესალმე და კაბინაში ჩავსხედით. კაბინაში არის 2 საწოლი. პორტში შესვლის დროს გამოვართვი პასპორტი და ის ავიდა ზედა საწოლზე. იქ სამალავი არაა, რომ შეიხედავს კაცი, დაინახავს ყველაფერს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დავდივარ და თითქმის ყველა მებაჟე თუ მესაზღვრე მიცნობს, არ შევუმოწმებივარ წესიერად და მოვხვდით გემზე“, - განაცხადა ცომაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში