მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში ომი დაიწყო - უკრაინის ელჩი

24 თებერვალი 2022, 18:25 698 ნახვა

მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში ომი დაიწყო - თავიდანვე გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა - ეს არის ნამდვილი ომი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დოლგოვმა აღნიშნა, არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, საერთაშორისო ნორმები დაარღვიოს და შეიარაღებული აგრესია განახორციელოს.

"მოლაპარაკების დრო დასრულდა - ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი. ჩვენ დაჟინებით ვახორციელებდით მუშაობას, რომ ყველანაირი საკითხი ცივილიზებული, პოლიტიკის და დიპლომატიის გზით გადაგვეწყვიტა. სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს საშუალებას და ნებას, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და პრინციპები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია. თავიდანვე, დილის 5 საათიდან გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა და ეს არის ნამდვილი ომი“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

დოლგოვმა მედიას მოუწოდა, რეპორტაჟების მომზადებისას არ დაივიწყონ, რომ საქმე ჰიბრიდულ ომთან გვაქვს.

"დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში შეიარაღებული ძალები ახორციელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვას. ბრძოლები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ამ ბრძოლებში გამოიყენება ავიაცია, არტილერია და სარაკეტო სროლებიც. ჩვენ უკრაინაში და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვიცით რა უნდა გავაკეთოთ - ჩვენ ვიბრძოლებთ! ასევე გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი და ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა ომის წინა დღეებში, სანამ აგრესორი ჩვენს სახელმწიფოში შემოიჭრებოდა“, - განაცხადა დოლგოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში