სავაჭრო ობიექტების ნაწილში სიგარეტს ლიმიტირებულად ყიდიან - ერთ მომხმარებელზე მხოლოდ ორი კოლოფი

10 მარტი 2022, 16:48 5009 ნახვა

მეორე დღეა სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ მაღაზიებში გარკვეულ პროდუქტზე დეფიციტია. ნაწილი ამბობს, სავაჭრო ობიექტებში პროდუქცია გაძვირებული დახვდათ. განსაკუთრებული აქცენტი ზეთზე, შაქარსა და მარილზე კეთდება. 

მოქალაქეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ დღეს მაღაზიების ნაწილში სიგარეტს ლიმიტირებულად ყიდდნენ. ერთ მომხმარებელზე მხოლოდ ორი კოლოფი. 

სადისტრიბუციო კომპანიებში აცხადებენ, რომ გარკვეულ პროდუქციაზე დაწესებულია ''კვოტები'', რადგან რომელიმე დიდმა კომპანიამ პროდუქცია უკონტროლოდ და სრულად არ შეიძინოს. განსაკუთრებით კი სიგარეტი. მათივე განმარტებით, ქვეყანაში ერთი თვის მარაგი არის. 

''ყველა დასახელების სიგარეტზე შეზღუდვა არ არის, მხოლოდ წამყვან ბრენდებზე, რომელსაც მაღალი ფასი აქვს და ბაზარზე მოთხოვნადია. ადრე თუ კონკრეტული კომპანია 200 ლარის პროდუქციას ყიდულობდა, დღეს 1000 ლარის პროდუქციას არ ვაძლევთ. ამ მხრივ ლიმიტი დავაწესეთ. ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, შეიძლება ამ მდგომარეობით  ისარგებლონ კომპანიებმა, იყიდოს დიდი რაოდენობის და გაყიდოს მაღალ ფასად. კონტროლი ხდება, რომ არ მოხდეს სიტუაციის ბოროტად გამოყენება'' - აცხადებენ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში. 

საქართველოში სიგარეტის მთავარი იმპორტიორი უკრაინაა. იმპორტიორთა სამეულშია სომხეთიც. კომპანიები ახლა ახალ მომწოდებლებს ეძებენ. IQOS-ზე პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ის ევროპიდან შემოდის. 

რაც შეეხება სხვა პროდუქციის ფასებს, მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს შაქარში სამი ლარის ნაცვლად 4 ლარი და 50 თეთრი გადაიხადეს. 5 ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი კი 56 ლარი ღირდა. 

საქართველოში, პროდუქციის დეფიციტი არ იქნება, თუმცა გარდაუვალია ფასების ზრდა - აცხადებს ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ივა ჭყონიას თქმით, რუსეთის ან უკრაინის მხრიდან ნებისმიერი პროდუქციის შეზღუდვის პირობებში, შესაძლებელი იქნება სხვა ბაზრებზე გადაწყობა.

''თუ პანიკური შესყიდვა გაგრძელდება რეალური დეფიციტი შეიქმნება და შაქარი, ზეთი, მაკარონი კიდევ უფრო გაძვირდება. ჭარბი შესყიდვით ვიღაცას სახლში ერთი წლის მარაგი ექნება, ნაწილი კი პროდუქტის გარეშე დარჩება. 

ვინმეს თუ ამის შიში აქვს და იმიტომ იმარაგებს, მინდა გაგახსენოთ, რომ მთელი ეს წლებია, პროცესი პერმანენტულად მიდის. ცხადია, ხვალ რაღაც უფრო ძვირი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმდენი მარაგი გავაკეთოთ, ხელოვნური დეფიციტი შეიქმნას. გარკვეული დეფიციტი მოწოდებასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ხდება გადალაგება, როცა შემოდინება მოხდება შედარებით უფრო დაიწევს ფასები.

ყველაზე ცუდი ფაქტორი რაც არის, მზესუმზირის ზეთის ნაწილია, რომლის ძირითად იმპორტიორები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. ეს შეიძლება დღეს არ აისახოს ბაზარზე და იმედია, ომიც ძალიან მალე დამთავრდება, მაგრამ წარმოიდგინეთ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში როდის აღდგება ქარხნები, რომ მზესუმზირის ზეთი აწარმოონ ან მზესუმზირა დათესონ? ასე რომ, აქ დროებითი გაძვირება მოსალოდნელია, სანამ, შემდეგ ისევ მოხდება აღდგენის პროცესი'' - განაცხადა ჭყონიამ.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში'' აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პურის ფასის ზრდა არ იგეგმება. ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში ორი თვის მარაგი არსებობს.

ხორბლის გაძვირების შემთხვევაში, თუ პურის ფასის ზრდის რისკი გაჩნდა სახელმწიფო დაასუბსიდირებს და ღირებულება შენარჩუნდება - ეს არის დაპირება, რომელიც შეხვედრაზე მიიღეს. 

ლევან სილაგავამ თქვა, რომ ხორბლისა და ფქვილის ორთვიანი მარაგი საქართველოს დაეხმარება ახალ ბაზარზე მარტივად გადაერთოს. ამ შემთხვევაში განიხილება ყაზახეთი და რუმინეთი, სადაც ფასი უფრო მაღალია.

''მარაგები არის, ერთი თვის ფქვილად და ერთი თვის ხორბლად. პურის გაძვირება არ იგეგმება. გუშინ შეხვედრა იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში. თვითონ ხორბალი მსოფლიო ბაზრებზე გაძვირებულია, თუმცა შემდეგი შემოსვლები იქნება ძვირი. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ რომ თუ პურის ფასზე ასახვის რისკი გაჩნდა ისინი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ჩაერევიან, როგორც ეს კოვიდის დროს იყო. 

ხორბალი ძირითადად შემოდიოდა რუსეთიდან, იმის გამო რომ იყო ყველაზე იაფი, ასევე გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ღირებულებაც. გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია და  ლოჯისტიკური მხარე გასათვალიწინებელია. ხორბლის შემოტანა, ისევე როგორც ყველა პროდუქციის ეს არის ფასის და ტრანსპორტირების ხარჯის კომბინაცია. შესაბამისად ფასი მისაღები იყო, ისევე როგორც მსოფლიოს 130 ქვეყნისთვის. 

ალტერნატივა არსებობს, მაგრამ უფრო ძვირი. მაგალითად ყაზახეთი, აქ ლოჯისტიკური ხარჯი ორჯერ უფრო მეტია, ასევე რუმინეთის პორტები, ევროკავშირი და აშშ. შორს მდებარეობის გამო, ჩამოტანა უფრო ძვირია'' - განაცხადა  ლევან სილაგავამ. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ  ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ოთარ შამუგიას თქმით, შაქრის ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა - ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან. 

„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოჯისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კონკრეტულად რამდენი თვის მარაგია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.  

უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში