ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

05 აპრილი 2022, 11:37 1894 ნახვა

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა  შესაძლოა 10-აპრილიდან კიდევ გაძვირდეს და 3 ლარი გახდეს. შესაბამისი განცხადებები მიკროავტობუსებში უკვე გამოაკრეს.

მგზავრები ამბობენ, რომ ბოლო ორ კვირაში ფასები ორჯერ გაიზარდა, მათი თქმით, მგზავრობის პარალელურად,  საწვავის გაძვირების გამო ფასები გაიზარდა პროდუქტებზეც, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. 

ტარიფის მოსალოდნელ გაზრდასთან დაკავშირებით, შპს "ხუტას" დირექტორი ავთანდილ ხინიკაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ფასის ზრდა მძღოლებმა მოითხოვეს და წინასწარ გააფრთხილეს მგზავრები.  რადგანაც შპს-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით,  საწვავზე ფასების მატების გამო მძღოლები დანახარჯს ვერ ავსებენ.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკრო ავტობუსები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებაა და ის კერძო შპს ეკუთვნის, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ტარიფები.

დავით ვერულიძე ამბობს, რომ მერიას სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს მგზავრობის ღირებულების შესამცირებლად. თუმცა ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში  შპს-ს  ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში