კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა 

17 ივნისი 2022, 17:32 2001 ნახვა

დასასრულს უახლოვდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმის არსებითად განხილვა. 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დღეს ბრალდების  მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. 

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები. გამომძიებელმა  ფოტო მასალები გაასაჯაროვა,  რომელიც  მისი მტკიცებით,   პირველ სართულზე მდებარე ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე არის გადაღებული.

ფოტომასალა გამოძიებამ  ერთ-ერთი ბრალდებულის მოწმის მობილური ტელეფონიდან ამოიღო. დაცვის მხარის განცხადებით, ფოტოებში არ ჩანს რომელი კედელი იყო მზიდი, ასევე ადვოკატები ირწმუნებიან, რომ 26 მაისის ქუჩაზე  სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოში ჩანს, რომ კორპუსის ჩამონგრევამდე მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა და შესაძლოა  ეს ნგრევის  ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ყოფილიყო.   მომდევნო სხდომა 24 ივნისს  გაიმართება.

სასამართლო  დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს  და ბრალდებულებს მოუსმენს. ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას,  გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის და  ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება,  ბინის მეპატრონეს კი  ბრალი  შრომის უსაფრთხოების  წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში